Posted 12 March 2008 - 01:39 AM
მინანქარი, მტკიცე მინის მაგვარი საფარი, რითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს. თითქმის ყველა მინანქრის ძირითადი კომპონენტებია: სილიციუმორჟანგი SiO2, ბორის ანჰიდრიდი B2O3, ალუმინის ჟანგი Al2O3, ტიტანის ჟანგი TiO2, ტუტე და ტუტემიწა ლითონების, ტყვიის, თუთიის ჟანგეულები,ზოგიერთი ფთორიდი დასხვა. მინანქარი არის საგრუნტო და მფარავი. საგრუნტო მინანქარს, რომელშიც შედის შესაჭიდებელი მასალები, იყენებენ ლითონსა და საფარს შორის შუალედური ფენის დასადებად, მფარავ მინანქარს კი უშუალოდ ადებენ დასაფარავ ზედაპირს.
მხატრული მინანქარი. ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა (ხატები, სხვადასხვა დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჭურჭელი, საიუვილერო ნაკეთობანი დასხვა). მინანქრის ტექნოლოგია უძველესი დარგია, იგი მრავალფეროვანია; ზოგჯერ მინანქრით ავსებენ სპილენძის ამოღრმავებულ ნაწილებს, ამ სახის მინანქარს ამოღრმავებულს უწოდებენ. იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი აღმოსავლეთში (ჩინეთში), გვხვდება აგრეთვე გვიანდროინდელი რომაული ნაკეთობანი ბრინჯაოზე. ამ ტექნოლოგიის მინანქარი დასავლეთ ევროპაში XII საუკუნეში გავრცელდა. ძირითადად ცნობილია სამი სკოლა: მაასის - მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში (ოსტატები: გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა - ცენტრი ქ.კელნში (ოსტატები: ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი), ლიმოჟისა - ცენტრი ქ. ლიმოჟი, საფრანგეთი (იარსება XV საუკუნემდე).
ზოგჯერ მინანქრით ავსებენ გამოსახულების ტიხრებს, რომლებიც შექმნილია წვრილი ლითონის ძაფებითა და მიმაგრებულია ლითონის ფირფიტაზე. ამ სახის მინანქარს ტიხრულს უწოდებენ. მსგავსი ტექნიკა არის გამოყენებული ძვ.ეგვიბტურ ოქროს ნაკეთობებში.
ტიხრული მინანქრით არის შესრულებული მილანის სანტ-ამბროჯოს ეკლესსის საკურთხევლის ხატი (ოსტატი ვოლვინიუსი, მე-19 ს.). ტიხრული მინანქარი (ოქროზე) აყვავდა X-XII საუკუნეებში ბიზანტიაში, საიდანაც იგი ევროპაში გავრცელდა. შემორჩენილია XI საუკუნეში კიევის რუსეთში შექმნილი ტიხრული მინანქრის ნიმუშები (ოქროს დიადემები და სხვ.); ცნობილია აგრეთვე XII-XIII საუკუნეების რუსული ტიხრული მინანქარი (უმთავრესად ვერცხლზე). ჩინეთში ტიხრული მინანქრის ტექნიკას იყენებდნენ ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (618-907), განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა მინის დინასტიის დროს (1368-1644).
არსებობს აგრეთვე კვეთილი მინანქარი (გრავირებული). ლითონი იმდენად გამჭნირნალე მინანქრით არის დაფარული, რომ მის სიღრმეში კარგად მოჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი. მინანქრის ეს ტექნიკა აღმოცენდა იტალიაში XIV საუკუნეში, შემდეგ გავრცელდა ესპანეთში, საფრანგეთში, სკავდინავიურ ქვეყნებში, რუსეთში (ნოვგოროდი, მოსკოვი, XIV-XVII საუკუნეები).
ფერწერულია მინანქარი, როდესაც ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზედაც მინანქრიანი საღებავებით იხატება გამოსახულებები (XVII საუკუნიდან - ცეცხლგამძლე საღებავებით თეთრი მინანქრის ფონზე, ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე). XV-XVII საუკუნეებში ფერწერული მინანქარი უმთავრესად ლიმოჟში მზადდებოდა (მთავარი ოსტატი ნარდონ პენიკო, გარდაიცვალა 1542 ან 1543 წწ). XVI საუკუნეში მოხატულობას გრიზაილის წესით ასრულებდნენ (ერთტონიანი მოხატულობა - ღია ტონი მუქ ფონზე, რომელიც რელიეფის შთაბეჭდილებას ქმნის). მთავარი ოსტატები იყვნენ ლეონარ ლიმოზენი (გარდაიცვალა დაახლ. 1575 წ.). პიერ რეიმონი (გარდაიცვალა 1584 წ.). რუსეთში ფერწერული მინანქარი XVII საუკუნის ბოლოდან განვითარდა, განსაკუთრებით სოლვიჩეგოდსკში (სტროგანოვების საოსტატოს ნაკეთობანი). XVIII-XIX საუკუნეებში ფერწერული მინანქრის ტექნიკა აყვავდა როსტოვში, სადაც ხატები მზადდებოდა. XVII საუკუნიდან ცნობილია კიევის ფერწერული მინანქარი XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა მომინანქრებული პორტრეტული მინიატურა, რომლის ცნობილი ოსტატები იყვნენ ჟან პეტიტო (1607-1691 წწ), შარლ ბუატი (1663-1727 წწ), რუსეთში გ. მუსიკიისკი (გარდაიცვალა დაახლ. 1737 წ-ს), ა. ოვსოვი (დდაბადებული 1678 წ-ს) და სხვ. XIX-XX საუკუნეებში მთელ მსოფლიოში ამზადებდნენ სხვადასხვა ტექნიკით მომინანქრებულ ნაკეთობებს. მინანქრის წარმოების ცენტრები იყო პარიზი, ბრიუსელი, ვენა, მოსკოვი, პეტერბურგი; XIX საუკუნის უდიდესი ოსტატია კოლოდიუს პოპლენი (1826-1892 წწ).
ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ცნობილია ტიხრული მინანქარი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ.ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართვილოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმ. გიორგის ორი ხატი ( დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
I can feel magic floating in the air
Being with you gets me that way
I watch the sunlight dance across your face
And I've never been this swept away
All my thoughts just seem
To settle on the breeze
When I'm lying wrapped up in your arms
The whole world just fades away
The only thing I hear
Is the beating of your heart .